ჟურნალი ნომერი 5 ∘ მარიამ თხინვალელი ხილვა-ჩვენებები და გამოცხადებები ქართულ აგიოგრაფიაშიაგიოგრაფიის თემა ღვთის სიყვარულია, იდეა - განღმრთობა. აგიოგრაფის მიზანი რეალურად არსებული გმირის იდეალური სახის შექმნა და მისი უფლისაკენ სავალი გზის ჭეშმარიტებით აღწერაა. თხზულების ყველა კომპონენტი და პასაჟი, მოვლენა, საგანი და დეტალი აღნიშნულის ჩვენება-გამოკვეთას ემსახურება. სხვა ასპექტებთან ერთად გმირის სულიერი სიმაღლის საჩვენებლად და მისი ღვთივრჩეულობის წარმოსაჩენად მნიშვნელოვანია ხილვა-ჩვენებები და გამოცხადებანი.
ჩვენი ნაშრომის მიზანია, განვიხილოთ ამ ტიპის პასაჟები ქართული აგიოგრაფიის მიხედვით და განვსაზღვროთ მათი მნიშვნელობა, საზრისი, ფუნქცია, მიზანდასახულობა და სახისმეტყველებითი დატვირთვა. ამ მიზნით შევისწავლეთ ქართული ორიგინალური აგიოგრაფიული თხზულებანი და, შეძლებისდაგვარად, საკითხზე არსებული სამეცნიერო ლიტერატურა. უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნული მოვლენები თვალნათლივ ამოწმებენ ამა თუ იმ პიროვნების ღვთივრჩეულობას, სიწმინდეს, რწმენის სიმტკიცესა და ღმერთშემოსილობას. „სიზმარ-ჩვენებები და გამოცხადებები უფრო სარწმუნოა აგიოგრაფისათვის, ვიდრე გრძნობადად მიღებული სინამდვილე, რამეთუ ეს მოვლენები ღვთის განგებულობიდან მომდინარეობს“ [ბუბუტეიშვილი, 2009:26-27]. ხილვებში არსებითია სასწაულმოქმედების არაჩვეულებრივობა, რაც მკითხველს ზებუნებრივ ძალას განაცდევინებს. ეს გამოცხადებები სულიერი ხედვისთვისაა საწვდომ-საცნობი. მის წინაშე ხორციელი თვალი და ყოველგვარი ხორციელება უძლურია. მოწამე და მოღვაწე წმინდანთა თვალი ყოვლისმხილველია, მათი არსება მზად არის იმ „სუბიექტური სიბნელისათვის“, რომელიც „ღვთიური ენერგიანის“ („ანგოლოზნი“) გამოსხივების შემდეგ ჩნდება. მამა გენადი ეიკალოვიჩი ვ.ნოზაძეს წერილში „მზიანი ღამის“ განმარტების შესახებ წერს: „კაცის სული მიისწრაფვის ღვთის ხილვისაკენ, მაგრამ ადამიანის სულს არ შეუძლია შეიცნოს თვითონ არსება. ამიტომ ღვთიური ენერგიის გამოსხივების შემდეგ დგება სუბიექტური სიბნელე, უძლურება მზერისა, სისუსტე სულიერი ხილვისა“ [ხინთიბიძე, 2009:260]. ვფიქრობ, ერთადერთნი, ვინც მზად არიან ამ „სუბიექტური სიბნელისთვის“ არიან წმინდანნი, ქვეყნად ხალხის მეოხად მოვლენილნი.
აგიოგრაფისათვის ცხოვრების მთავარი წიგნია „ბიბლია“. ხილვა-ჩვენებებისა და გამოცხადებების არქეტიპები და პარადიგმებიც სწორედ ამ წიგნთა წიგნშია დაუნჯებული. ასეთი მოვლენების აღწერით აგიოგრაფი თავის ნაშრომს უახლოვებს წმინდა წერილს, რომელიც სრულყოფილების ნიმუშია ქრისტიანი მკითხველისათვის. დავიმოწმებ ღვთივჩენის რამდენიმე პასაჟს ბიბლიიდან.
მოსე წინასწარმეტყველს უფალი გამოცხადა შეუწველი მაყვლის სახით: „გამოეცხადა უფლის ანგელოზი ცეცხლის ალად შუაგულ მაყვლოვანში. ხედავს ცეცხლი უკიდია მაყვლოვანს, მაგრამ არ იწვის. დაინახა უფალმა, რომ მოდის მოსე სანახავად და დაუძახა შუაგულ მაყვლოვანიდან: მოსე! მოსე!“ [გამ. 3:2-4].
ასევე გამოეცხადა უფალი მოსეს სინას მთაზე და გადასცა 10 მცნება; აბრაამსაც მამრეს მუხასთან სამი ანგელოზის სახით წარმოუდგა ღმერთი: „გამოეცხადა მას უფალი მამრეს მუხნართან, როცა კარვის კართან იჯდა დღის პაპანაქებაში. თვალი აახილა და ხედავს სამი კაცი დგას მის შორიახლო“ [დაბ. 18:1-2].
ამ პასაჟების მოხმობა ცხადყოფს,თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო აგიოგრაფისთვის ხილვა-ჩვენებათა და გამოცხადებების აღწერა. ის გადმოსცემს მხოლოდ ისტორიულ სინამდვილეს და აღწერს ჭეშმარიტებით, ამიტომ თითოეული პასაჟი გარკვეული მიზანდასახულობისაა. ამგვარი მონაკვეთები დიდ როლს თამაშობს თხზულების კომპოზიციაში. გამოცხადებით ეუწყება წმინდანს ის ადგილი, სადაც უნდა დაიწყოს მოღვაწეობა, ხდება მისი ცხოვრების მიზნის განსაზღვრა, „ხილვა ჩვენება, სასწაული, ღვთის ნების გამოვლინებაა, ზეციური ნიშანია, რომელმაც უნდა განსაზღვროს წმინდანის მომავალი ცხოვრება“ [ბუბუტეიშვილი, 2009:28], ასევე ხილვით, სასწაულის ძალით ეუწყებათ ტაძრის აშენების ადგილი და სხვ. ამ ტიპის პასაჟები ქართული აგიოგრაფიის არაერთ ძეგლში გვხვდება.წინამდებარე ნაშრომში გამოცხადების ეპიზოდები და მათი სახიმეტყველებით დატვირთვა განხილულია გრიგოლ ხანძთელის, წმ. ნინოს, ილარიონ ქართველისა და იოანესა და ექვთიმეს „ცხოვრებათა“ მიხედვით.
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“ გიორგი მერჩულე აღგვიწერს ხუედიოს ბერის ხილვა-ჩვენებას და ხაზგასმით მიუთითებს, რომ ბერმა ყოველივე ცხადად ნახა. „რამეთუ ხედვიდა ადგილსა მას წმინდასა, სადა აწ ხანძთას წმინდა ეკლესია შენ არს, ვითარმცა სახედ ეკლესიისა ნათლისა ღრუბელი გამოხატული დგა მყოვარ ჟამ და სულნელება დიდძალი გამოვიდოდა მიერ ღრუბლით“ [ძეგლები, 1963:253] - ამ მონაკვეთის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ უფლისმიერი გამოცხადების ძალით განისაზღვრება ეკლესიის აგების ადგილი. ასევე იმის მითითებაც, რომ სწორედ წმ.გრიგოლია ღვთივრჩეული ადამიანი, რომელსაც ძალუძს ხანძთის აღორძინება. „..შენ იყო მწემსი კეთილო მრავალთა პირმეტყუელთა საცხოვართა ქრისტესთაჲ.... ძალი ძისა ღმრთისა მხოლოჲსაჲ და სიბრძნე სულისა წმიდისაჲ და მადლი ღმრთისა მამისაჲ გაქუს წინამძღურად შენდა...“ [ძეგლები, 1963: 254] - მიმართავს ბერი ხუედიოსი გრიგოლს. ამდენად, გამოიკვეთა გრიგოლის ცხოვრებისეული მისია-მიზანიც, მისი მომავალი დაუკავშირდა ხანძთას. ხუედიოსთან შეხვედრის შემდგომ გრიგოლმა ძმებთან ერთად ოპიზიდან ხანძთაში გადმოინაცვლა, მას დაეკისრა ტაო-კლარჯეთის „ქალაქყოფა“ და ამ ადგილას ღვთის ლამპრის ანთება. სასულიერო მწერლობაში ადამიანი კი არ ირჩვეს საკუთარ მისიას, არამედ ღმერთი გამოარჩევს იმ პიროვნებას, რომელსაც შეუძლია ჭეშმარიტად ზიდოს თავისი ჯვარი, თავად იწვოდეს და სხვა გაანათოს, „იყოს სანთელი სასანთლესა ზედა გაბრწყინებული“ [მთ. 5:14-16]. ამ გამოცხადებით გრიგოლის მისია იფარგლება არა მხოლოდ კლარჯეთის უდაბნოს გამშვენებითა და მასში ღვთაებრივი სულის შეტანით, არამედ - საქართველოს გაერთიანებისთვის ზრუნვით,სამი სიწმინდის - მამული, ენა სარწმუნოების - ერთობის დანერგვით, რაც შემდეგ სიტყვებში გაცხადდება: „ქართლად ფრიადი ქვეყანა აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების“ [ძეგლები, 1978:182]. „წმინდა გრიგოლს უნდა შეექმნა ქართლის ნაცვალი, რადგან არაბებმა ქართლი გაანადგურეს, ცენტრი, საიდანაც დაიწყებოდა საქართველოს გაერთიანება“ [სირაძე, 1987:139]. წმ.გრიგოლმა, როგორც რჩეულმა, იტვირთა და აღასრულა საღვთო ვალი, რომელიც გამოცხადებით მიიღო.
მეორე აგიოგრაფიული თხზულება, რომელიც საკვლევი საკითხის თვალსაზრისითაა საყურადღებო, გახლავთ „ცხოვრება იოანესი და ეფვთვიმესი“. ღვთისმშობლის გამოცხადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია ეფთვთიმეს ბიოგრაფიაში. ამ ხილვა-ჩვენებით ხდება წმინდანის მომავალი ცხოვრების განსაზღვრა; ღვთისმშობელი და უფალი მას მნიშვნელოვან მისიას აკისრებენ,რაც საღვთისმეტყველო და სასულიერო თხზულებათა ქართულ ენაზე თარგმანებით, ქართული ენის „განათლებით“ განისაზღვრა. ყრმა ეფთვიმე მამას უყვება თუ როგორ იხილა ღვთისმშობელი, რომელმაც აკურთხა იგი: „არარაი არს ვნებაი შენთანა, აღდგე, ნუ გეშინი და ქართულად ხსნილად უბნობდი“ [ძეგლები, 1967:61]. ამ ხილვას უდიდესი მნიშნელობა ენიჭება, როგორც თავად ეფთვიმესთვის, ასევე სრულიად ქართველი ერისათვის. აღნიშნულთან დაკავშირებით რ.სირაძე წერს - „მასში სასწაულებრივი ძალით გაცოცხლდა „დამარხული ქართული“ და იგი სულიერ-ხორციელად განიკურნა. ეფთვიმემ „ქართველთა ენა განანათლაო“, ეს ქართული ზროვნების „განათლებას“, გარკვეული აზრით, „ნათლისცემას“ გულისხმობს“ [სირაძე, 2000: 344].
ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი მარად უნდა ისწრაფვოდეს ღვთაებრივისაკენ. როგორც გრ.ფარულავა შენიშნავს, სწორედ „გულშია“ აკუმულირებული ზეცისკენ სწრაფვის ენერგია. „ყრმა ეფთვიმეს ხსოვნაში რომ მშობლიური ენის ნიჭი იკარგებოდა, მარადისობასთან მიმაახლებელი მადლი რომ იშრიტებოდა, გულში, ღვთაებრივის პირველწყაროში იგი შენახულიყო და ღვთისმშობლის თანადგომით კვლავ გაცოცხლდა“ [ფარულავა, 2012:122].
მამული, ენა, სარწმუნოება, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, განუყოფელი ტრიადაა, ეფთვიმეში მშობლიური ენის გაღვიძებით კვლავ გაერთიანდებოდა ეს „სამსახოვნება“. უფლისა და ქვეყნის სიყვარულით დამამშვრალი წმინდანი კი იწყებს ეროვნული მნიშვნელობის დიად საქმეს და ღვთისმშობლის მადლით აღვსილი თავის ცხოვრებას მთარგმნელობით მოღვაწეობას მიუძღვნის.
შემდეგი აგიოგრაფიული თხზულება, რომელშიც ღვთისმშობლის გამოხადების ეპიზოდი ორჯერ გვხვდება „ილარიონ ქართველის ცხოვრებაა“. პირველად ქალწული მარიამი თორმეტ ბრწყინვალე კაცთან ერთად ზეთისხილის მთაზე ეცხადება წმ. ილარონს, მთაზე, სადაც უფალი ამაღლდა. „იხილა წმიდა დედოფალი ღმრთისმშობელი [და] მარადის ქალწული მარიამ და ათორმეტნი კაცნი ბრწყინვალენი მდგომარენი მის წინაშე. ჰრქუა მას წმიდამან დედოფალმან: ილარიონ, მიისწრაფე სახედ შენდა და განუმზადე სერი უფალსა“ [ძეგლები, 1967: 15]. ღვთისმშობელი წმ.ილარიონს სამშობლოში დაბრუნებისაკენ მოუწოდებს. ლ.ბუბუტეიშვილი როგორც აღნიშნავს, წმინდანმა ღვთის მადლით უნდა გაათბოს მშობლიური კუთხე. ილარიონი კი გვევლინება, როგორც ღვთისმშობლის მიერ დამოძღვრილი, მის კალთას შეფარებული წმინდანი, რომლისთვისაც ეს ხილვა საღვთო სიბრძნის გამოვლენაა [ბუბუტეიშვილი, 2009:29]. ეს გამოცხადება განსაზღვრავს ილარიონის ცხოვრების საზრისს, მის სამისიონერო-სამოციქულო მოღვაწეობას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სწორედ წმ.ილარიონის მეოხებით საქართველო უკავშირდება დასავლეთ ქრისტიანულ სამყაროს. ამ გამოცხადებაში საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მოქმედება ხდება მთაზე. ქრისტიანული სახისმეტყველების თანახმად, მთა არის ზეცისა და მიწის, ღვთისა და ადამიანის კავშირის სიმბოლო. სინას მთაზე ხდება ღვთაებრივი სიბრძნის, 10 მცნების, მოსესთვის გადაცემა; თაბორის მთაზე იცვალა უფალმა ფერი, ჩვენში კი თხოთის მთაზე იწამა მირიან მეფემ ჭეშმარიტი რჯული და სხვ. შესაბამისად, მთაზე მომხდარი მოვლენა, რაღაც ახალს უდებს საფუძველს, ახალ ისტორიას წერს. მთის ამ სიმბოლიკის კვალობაზე ხდება წმ.ილარიონის მომავლის განსაზღვრა, ახალი ეტაპის დაწყება მის ცხოვრებაში.
ამავე თხზულების მიხედვით, უმნიშვნელოვანესია ქალწული მარიამის გამოცხადების მეორე ეპიზოდი. სწორედ ამ ჩვენებით გაცხადდა საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეა. ტექსტის მიხედვით როგორც ჩანს, წმინდა მარიამი ეცხადება მამასახლისს, რომელმაც ილარიონი და მისი ძმები მონასტრიდან გააძევა და ამხელს მის უღირს ქმედებას - „ არა უწყია, ვითარმედ მრავალნი დამკვიდრებად არიან, რამეთუ ჩემდა მონიჭებულ არს ძისა მიერ ჩემისა ნათესავი იგი შეურყვნელად მართლმადიდებლობისათვის მათისა“ [ძეგლები, 1967:20]. ეს აგიოგრაფიული თხზულება ქართულ სინამდვილეში პირველია, რომელშიც საუბარია ღვთისმშობლის წილხვდომილობაზე, შესაბამისად, ეს პასაჟიც გადამწყვეტი მნიშველობისაა, რადგან თავად წმ.მარიამი გააცხადებს ამ იდეას.
ხილვა-ჩვენებათა და გამოცხადების სიმრავლით გამოირჩევა „წმ. ნინოს ცხოვრება“, რომელიც ქართველთათვის ქრისტიანული მოძღვრების, ქრისტიანული კულტურის საფუძველთა საფუძველია. მასში თავჩენილ ხილვა-ჩვენებებს უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება. ნაშრომის ფორმატიდან გამომდინარე, მათგან რამდენიმეს განვიხილავთ.
თავისი მნიშვნელობით გამოირჩევა იერუსალიმში წმ.ნინოს პირველი ხილვა. რომელიც მისი ცხოვრებისა და სამომავლო მისიის განმსაზღვრელი ხდება. ღვთისმშობლის ხატის წინ მლოცველ წმინდა ნინოს წმ.მარიამის სიტყვით ეუწყა, რომ წასულიყო „ქვეყანასა ჩრდილოისასა, ერისა მიმართ ქართველთაისა“, რათა ექადაგა ჭეშმარიტი რჯული, ქრისტიანობა [ძეგლები, 1971:16]. ამ გამოცხადებით განისაზღვრა კაბადოკიელი ქალწულის ცხოვრების გზა. იგია უფლის რჩეული, მან აქცია ქრისტიანობა ქართლის სახელმწიფო რელიგიად და განასრულა ანდრია პირველწოდებულის მისია. ღვთისმშობლის გამოცხადება და ნინოსთვის ამ დავალების დაკისრება ნიშანია მარიამის წილხვდომილ ქვეყანაზე ზრუნვისა. ამავდროულად, აღნიშნული ქართლისათვის წმ.ნინოს ღვთისმშობლის მონაცვლეობაზე მიანიშნებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხილვა უკავშრდება წმ.ნინოს ქართლად მისვლას, კერძოდ, ფარავნის ტბასთან ჩაძინებულ წმინდანს უფლის ანგელოზმა „ჰრომაელებრ დაწერილი იესუჲს დაბეჭდული წიგნი“ გადასცა, რომელშიც იყო „ათი სიტყვა“ (ე.წ „ქართული დეკალოგი“). აღნიშნულთან დაკავშირებით უმალ გაგვახსენდება სინას მთაზე უფლის მიერ მოსესთვის გადაცემული ათი მცნება. თუმცა, ნინოსეული დეკალოგი 10 მცნებისგან განსხვავებულია. იგი ემყარება სახარებას. როგორც რ.სირაძე შენიშნავს, ეს წიგნი წმ.ნინოს სამისიონერო მოღვაწეობის ერთგვარი პროგრამაა, რომელიც დამყარებულია „ახალ აღთქმაზე“, ამას გარდა, დეკალოგი შესაძლოა საფუძვლად დასდებოდა ქრისტიანთა სარწმუნოებრივ აღზრდას [სირაძე, 1997:192]. ამგვარი დასკვნა რ.სირაძეს დეკალოგის სიტყვებზე დაყრდნობით გამოაქვს. პირველი სიტყვა პავლე მოციქულის ეპისტოლედანაა „არცა მამაკაცებაი, არცა დედაკაცებაი, არამედ თქვენ ყოველნი ერთნი ხართ“ [გალ. 3:28]. შეგონება გულისხმობს, რომ არსით ყოველი ადამიანი ერთია, იგი ღვთის ხატადაა შექმნილი. ეს პასუხია კითხვაზე, თუ რატომ მოაქცია ქართლი ქალმა. მეორე შეგონება წარმართებში ნათლის გამობრწყინებას ეხება [ სირაძე, 1997:191-192]. როგორც ვხედავთ, ეს გამოცხადება საეტაპო მნიშნელობისაა „წმ.ნინოს ცხოვრებაში“. ამგვარ პასაჟს კავშირი აქვს, როგორც წმინდა წერილთან, ასევე განსაზღვრავს ქართლის მოქცევას და, იმავდროულად, იგი მოწმობს, რომ ქრისტიანობა მწიგნობრული რელიგიაა. რ.სირაძე წმინდა ნინოს, ხელში ქრისტეს ბეჭდით დაბეჭდული წიგნით, საქართველოში ქრისტიანობისა და ქრისტიანული წიგნის დამამკვიდრებლად მიიჩნევს [სირაძე, 1997, 193].
რ.სირაძე წმ.ნინოს ცხოვრების ამ პასაჟს განიხილავს წმ.იოანეს გამოცხადებასთან მიმართებით, რადგან ორივეგან ღვთის ხილვა ხდება ანგელოზებრი კაცის სახით, ასევე მათში საუბარია „დაბეჭდულ წიგნზე“ და ეს „ბეჭედი“ საღვთო წიგნში საიდუმლო სიბრძნეს გულისხმობს [სირაძე, 2008:153]. ბეჭედი უნდა აიხსნას და ღირსეულს ეუწყოს შინაარსი. ერთ-ერთი, ვისაც ეს პატივი ერგო, წმ.ნინოა.
შემდეგი პასაჟი, რომელიც საკვლევ პრობლემატიკას უკავშირდება არის წმ.ნინოსა და თორმეტი დედაკაცის მიერ მოკვეთილ სვეტთან ნანახი ხილვა-ჩვენებები. ტექსტიდან ვიგებთ, რომ წმინდანი და დედები მთელი ღამე ლოცულობდნენ, რათა სვეტი აღმართულიყო. მათ პირველად იხილეს, რომ არმაზ-ზადენის მთები დაიქცა, მტკვარმა ქალაქი წაიღო, ისმოდა საშინელი გრგვინვა და ხმაური. როგორც ნ.გონჯილაშვილი აღნიშნავს, წმ.ნინომ შეშინებულ დედებს განუმარტა, რომ არმაზ-ზადენის მთათა რღვევა ქართლში ურწმუნოების მთათა ნგრევას მოასწავებს და საშიში არ არის [გონჯილაშვილი, 2008:9]. მარი ბროსე ამ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს: „ეს ჩვენება მოასწავებს კერპთა დამხობას და ასევე უწმინდური სულების განრისხებას ახლადმოქცეული ერის წინააღმდეგ“ [ბროსე, 1835:58]. მეორე ხილვაში მცხეთას სპარსელები შემოესივნენ, ქალაქი სისხლითა და გვამებით აივსო. წმ.ნინო უშიშრად წარსდგა სპარსთა ლაშქრის წინაშე და ისინი ჩრდილოეთით გაგზავნა, ყოველივეს ჯვარი გადასწერა და ჩვენება გაქრა. ეს ხილვა მაზდეანობის მხრიდან აგრესიის, საფრთისა და უცილობელი მძლავრობის გაცხადებაა. ხილვა-ჩვენებების შემდეგ სვეტს ნათელმოსილი ჭაბუკი აღმართავს. ამ ხილვებს მნიშვნელოვანი იდეური დატვირთვა აქვს. თუ სვეტიცხოვლი არ აშენდებოდა, თუ ქართლში ქრისტიანობა არ დამკვიდრდებოდა, ქვეყანას ორმაგი საფრთხე ელოდა, წარმართობის და მაზდეანობის მხრიდან. ღვთაებრივი ძალით სვეტის აღმართებამ სიბნელეში მყოფი ერი სიკვდილისაგან იხსნა და სულიერ ნათელს დაუკავშრა. ორივე ხილვა-ჩვენება წარმოაჩენს, „ როგორ იჭრება ჭეშმარიტად აღქმული ირეალური რეალურში, როგორ ჩამოდის ზეციური მიწიერში და მიწიერი ამაღლდება ზეცად, გაცხადდება ორმაგი საშიშროება და ხილვებშივე დაიძლევა, რაც ტაძრის აგების მყარ საფუძველს ქმნის“ [გონჯილაშვილი, 2008:21].
რაც შეეხება ნათელმოსილი ჭაბუკის გამოჩენას, რ.სირაძე მის სახეში ზეციური „სასიძოს“ სახეს ხედავს, ქალწული ნინო კი ზეციური სასძლოა, „სამოთხე“, როგორც ასპარეზი სულიერი ქორწინებისა, მცხეთის ბაღი, კი სწორედ აპოკალიფსურ სამოთხეს ჰგავს, სადაც უნდა მოხდეს ზეციური ქორწინება [სირაძე, 1987:121].
ზემოგანხილულიდან როგორც ჩანს, „წმ.ნინოს ცხოვრებაში“ ხილვა-ჩვენებებისა და გამოცხადებების შემცველი არაერთი ეპიზოდია. ყველა მათგანი ნაწარმოების კომპოზიციის უმთავრესი ნაწილია და საეტაპო მნიშნელობისაა. თითოეულის არსის წვდომა, თავის მხრივ, ხსნის ნაწარმოების სახისმეტყველებით ასპექტებს.
მაშასადამე, ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე შესაძლოა, ითქვას, რომ ხილვა-ჩვენებები და გამოცხადებები, რომელთა არქეტიპებს ბიბლიაში ვხვდებით, ქართული აგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მათი გამოვლენა, უპირველეს ყოვლისა, თეოფანიის მაუწყებელია, იმავდროულად, გარკვეულ შემთხვევებში, ამოწმებს წმინდანთა ღვთივრჩეულობას, განსაზღვრავს მათ სამოქმედო არეალს, მათი გზის მიზანსა და საზრისს; ხილვა-ჩვენებები მინიშნებაა ღვთის სასურველ საქმეზე ან მოსალოდნელ საფრთხესა და განსაცდელზე. უპირველეს ყოვლისა, მათი მოვლინებით ცხადდება და აღსრულდება ღვთის ნება.
გამოყენებული ლიტერატურა
ბროსე მ. 1835. საქართველოს ისტორია, ნაწილი I, თბილისი
გონჯილაშვილი ნ. 2008. „წმინდა ნინოს ცხოვრების“ ორი ხილვა-ჩვენების სიმბოლური მნიშვნელობა და სახისმეტყველება“, ლიტერატურული ძიებანი N29, თბილისი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი
ბუბუტეიშვილი ლ. 2009. „საღვთისმშობლო სიმბოლიკა V-XI საუკუნეების ქართულ მწერლობაში (ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია)“, თბილისი, უნივერსიტეტის გამომცემლობა
სირაძე რ. 2008. „კულტურა და სახისმეტყველება“, თბილისის, გამომცემლობა „ინტელექტი“
სირაძე რ. 1982. „სახისმეტყველება“, თბილისი, გამომცემლობა „ნაკადული“,
სირაძე რ. 1987. „ქართული აგიოგრაფია“, თბილისი, გამომცემლობა „ნაკადული“,
სირაძე რ. 1997. „წმ.ნინოს ცხოვრება“ და დასაწყისი ქართული აგიოგრაფიისა“, თბილისი
სირაძე რ. 2000. „ქართული კულტურის საფუძვლები“, თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
ფარულავა გრ. 2012. „ქართული ენა, ლიტერატურა და სარწმუნოება, მიწა-წყალი და ქართველი“, ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველი N2, თბილისი
ძეგლები. 1963. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, დასაბეჭდად მოამზადეს ილ.აბულაძემ, ნ.ათანელიშვილმა, ნ.გოგუაძემ, მ.დალაქიძემ, ც.ქურციკიძემ, ც.ჭანკიევმა და ც.ჯღამაიამ. ილია აბულაძის ხელმჭღვანელობითა და რედაქციით, წ.I, თბილისი „მეცნიერება“
ძეგლები. 1967. ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, დასაბეჭდად მოამზადეს ილ.აბულაძემ, ნ.ათანელიშვილმა, ნ.გოგუაძემ, მ.დალაქიძემ, ც.ქურციკიძემ, ც.ჭანკიევმა და ც.ჯღამაიამ. ილია აბულაძის ხელმჭღვანელობითა და რედაქციით, წ.II. თბილისი, „მეცნიერება“
ძეგლები. 1971. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, დასაბეჭდად მოამზადეს ილ.აბულაძემ, ე.გაბიძაშვილმა, ნ.გოგუაძემ, მ.დოლაქიძემ, გ.კიკნაძემ და ც.ქურციკიძემ. ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით. წ. III (XI-XII) თბილისი, „მეცნიერება“
ძეგლები. 1978. ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი, შენიშვნები დალექსიკონი დაურთო ივანე ლოლაშვილმა, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“
ხინთიბიძე ე. 2009. „ვეფხისტყაოსნის იდეურ-მსოფლმხედველობითი სამყარო“, თბილისი